საქართველოს სამ რეგიონში, გურია, კახეთი და ქვემო ქართლი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.
პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი შეიქმნა, სამი წლის განმავლობაში ცენტრის ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს, ვინც ცენტრს მიმართავს.
პროექტის მონაწილეები მიიღებენ უფასო კონსულტაციებს კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებისგან. კონსულტაცია წარიმართება ინდივიდუალურად და მისი მიზანია კარიერის დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობა. კონსულტაციის დროს დაცული იქნება მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინდივიდუალური შეხვედრების რაოდენობა არ არის წინასწარ განსაზღვრული, ხოლო თითოეული მათგანის ხანგრძლივობა გასტანს დაახლოებით 45 წუთს.
სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც 16 წელს გადააბიჯა, ვისაც სურს, აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები თუ მისწრაფებები, მიიღოს ახალი ცოდნა და გამოცდილება, განივითაროს უნარები და გადადგას ახალი კარიერული ნაბიჯები.