სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1320 კონსტიტუციურ სარჩელზე

2021 წლის 22 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1320).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-20მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

სადავო ნორმების საფუძველზე განისაზღვრება პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს წესს, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი, ამასთანავე, თუკი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი არ არის ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს. კერძოდ, არც შვილის რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადების ფაქტი და არც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობა არ არის დაკავშირებული აწმყოში მშობლის მარტოხელად ყოფნის ფაქტსა და მისგან მომდინარე საჭიროებებთან. სადავო რეგულირების მოქმედების შედეგად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიიღონ შესაბამისი სტატუსი და ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა სახის პრივილეგიებით. ამდენად, სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.