საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 12/04/2018
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016452
0
12/04/2018
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.00.016452
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი
პროექტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს ცვლილება და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                    გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების და მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემის შექმნას.

პროექტის შემუშავების მიზეზია მოქმედ კანონმდებლობაში საქართველოს ვეტერანებისათვის საკმარისი სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების (მათ შორის საგადასახადო) არარსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერანთა 70% დაუსაქმებელია, 30% სოციალურად დაუცველია, ხოლო საგადასახადო შეღავათი წარმოადგენს დასაქმებისათვის ხელის შემწყობ გარემოებას, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეებისათვის (,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები) საგადასახადო შეღავათის დაწესებას, რითაც მოხდება მათი უფლებრივი მდგომარეობის გათანაბრება შეღავათით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ვეტერანებთან.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია დასაქმებული (შემოსავლის მქონე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებისათვის საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის დაწესება.

წარმოდგენილი პროექტის მიღებით ხელი შეეწყობა სახელმწიფოს მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების აღიარებას და მათი ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. აღნიშნული ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება ვეტერანთა შორის დასაქმების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა კატეგორიიდან ვეტერანთა სამუშაო ძალად ჩამოყალიბებას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

წარმოდგენილი პროექტით ახლებურად ყალიბდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ა.ა“ ქვეპუნქტის რედაქცია და საშემოსავლო გადასახადით ასევე არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონის პროექტის მიღება არ საჭიროებს  დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე  3128 პირი.

სამსახურმა გააგზავნა შეკითხვა შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ (შემოსავლების მიმღებ) ვეტერანებზე ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის მიერ, დამსაქმებლის მიერ „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად დასაქმებულია სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების 873 ვეტერანი.

შესაბამისად, პროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას დაახლოებით 523 800 (ხუთას ოცდასამი ათას რვაასი)  ლარის ოდენობით წელიწადში.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს დამატებით  გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს  სახელმწიფოს ახალ  ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიხედვით შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე უწესდებათ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, რაც დადებითად იმოქმედებს შესაბამის პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში. ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“, ა(ა)იპ „ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია პატრიოტის“, ა(ა)იპ „საქართველოს სამხედრო ექიმთა ასოციაციის“ ა(ა)იპ „ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის“ და ვეტერანთა სფეროში მოღვაწე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.   

ე) კანონპროექტის ავტორი:

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

 

 

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“  იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება

1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:

ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები;

ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;

1) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;

2) მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;

გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;

დ) ალიმენტი;

ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);

ვ) ფიზიკური პირის მიერ:

ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;

ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;

ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;        

კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;

ლ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;

მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად, აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;

ნ)  დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;

ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

ტ)  სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში მათ ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;

ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;  

ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;

შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა და შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გადახდილი თუ არა;

ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი;

ც) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;

ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა;

წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;

ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით მიღებული სარგებელი; (8.11.2011. N5202)

1) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი;  

ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი;

ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი;

ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;

1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.   

2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:

ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

ა.ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;

ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

ა.გ) მარტოხელა დედის;

ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

ა.ვ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით;

ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.

3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:

ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;

ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;

ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:

ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების

ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.

გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:

გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;

გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;

გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;

გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.            

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.