GDI საქართველოს პარლამენტში ამოქმედებულ უსაფრთხოების დაცვის არაკონსტიტუციურ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა.  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული წესები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. სწორედ ამიტომ, GDI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

კერძოდ, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება[1]. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების(ბანერის. პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია[2]. ამგვარი აკრძლავების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება.

GDI-ს პოზიციით, პარლამენტის თავმჯდომარის გასაჩივრებული ბრძანება კრძალავს არა მხოლოდ ისეთ გამოხატვას, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს წესრიგის დარღვევა, არამედ ისეთ გამოხატვასაც, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის პარლამენტის სასახლეში წესრიგის დაცვას და პარლამენტის ნორმალურ საქმიანობას. სწორედ ამიტომ, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.   დამატებით, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე შექმნილი მოწესრიგება, წინააღმდეგობრივია საპარლამენტო რესპუბლიკის ღირებულებებთანაც, ვინაიდან ძირს უთხრის პარლამენტის მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულებას და პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებების გამოსახატად პარლამენტის სასახლის საჯარო ფორუმად გამოყენებისა შესაძლებლობას ართმევს.

საგანგაშოა, რომ 2023 წლის მარტის აქციების შემდგომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს პარლამენტი დახურულ საჯარო დაწესებულებად გადააქციოს და ხელი შეუშალოს მოქალაქეების საპარლამენტიო საქმიანობაში მონაწილეობას. ამას ადასტურებს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ჟურნალისტთა აკრედიტაციის არაკონსტიტუციური წესიც, რომელიც GDI-მ საკონსტიტუციო სასამართლოში 2023 წლის ივნისში უკვე გაასაჩივრა. ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლას და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის პროცესს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.



[1]საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი.

[2] იქვე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.