Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნამახვანი" და „ტვიში ჰესი" - რას აპროტესტებს მოსახლეობა

12 მარტი, 2018 17:30

„ქალაქში ყველაფერი გავყიდე, წამოვედი სოფელში და ვენახი გავაშენე... აქ ხალხის ერთადერთი შემოსავალი ვენახია. თუ ჰესი აშენდება, კლიმატი ისე შეიცვლება, რომ ჩვენი უნიკალური ჯიშის ვაზიც აღარ მოვა“, - ლეჩხუმის სოფელ ტვიშის მცხოვრები თამაზ ასათიანი „ტვიში ჰესისა“ და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგია.

„ლიბერალთან“ საუბრისას ის იმ რისკებზე საუბრობს, რასაც, მისი აზრით, ჰესების აშენება გამოიწვევს.

„პირველ ყოვლისა, საფრთხე არის ის, რომ კლიმატი შეიცვლება... წყლის ზედაპირი იმხელა ფართობს დაიკავებს, ციმბირივით იქნება, აცივდება. აქ ხალხის ერთადერთი შემოსავალი ვენახია, უნიკალური ჯიშის ვაზი - ტვიში აღარ მოვა.

ჩვენთან, ცაგერში მეწყრული ზონებიც ძალიან ბევრია, ყოველ გაავდრებაზე გზები იკეტება, კლდეებიდან ჩამოდის მეწყერი, კირქვა. კირქვა წყალში იშლება და მოსალოდნელია, რომ კლდეები დაიშალოს. სალოცავებია [საპროექტო ტერიტორიაზე], რომლებიც გაუქმდება. ტურისტული ადგილი იყო ხვამლის მთაზე. იქ მისასვლელი გზა თუ აღარ იქნება, ყველაფერი გაუქმედება“, - ამბობს თამაზ ასათიანი.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული ჰესების აშენებას სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგება. გასულ კვირას მათ სოფელ ტვიშში საპროტესტო აქციაც გამართეს.

„ამის გამო ვეწინააღმდეგებით. ჩვენ, სოფლებში განვითარება რავა არ გვინდა, მაგრამ ხალხი თუ აღარ დავრჩით ამ სოფელში?! ...“, - ამბობს ასათიანი.

„ლიბერალთან“ საუბრისას სოფელ ტვიშის კიდევ ერთი მცხოვრები, მეღვინე მერაბ ნემსიწვერიძე ამბობს, რომ კაშხლების აშენების შედეგად ხეობაში ტენიანობა მოიმატებს, რაც რევმატიზმისა და გულის დაავადებებს გაახშირებს.

„მე თვითონ მეღვინე ვარ, ვაწარმოებ ღვინოს, ვასხამ, ვყიდი - აღარც ღვინო იქნება, აღარც ხალხი იქნება, აღარაფერი აღარ იქნება. გუმათიდან ალპანამდის მკვდარი ხეობა იქნება. გვინდა, რომ ამ საკითხებს  ყურადღება მიექცეს, რომ ამხელა ჰესი მაინც არ აშენდეს“, - ამბობს ნემსიწვერიძე.

პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობათან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტით მიხედვით გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ტვიში ჰესის მოწყობა დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. ტვიშსა და სოფ. ალპანას შორის მოქცეულ მონაკვეთზე. პროექტით გათვალისწინებულია 59 მ. სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის (7.3 მლნ მ 3 ტევადობის წყალსაცავი) მშენებლობა, რის გამოც წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 1 კმ2 (100 ჰექტარი) ფართობის ტერიტორია, მათ შორის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი და დაახლოებით 11 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მოწყობა კი განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელი ნამახვანის აღმა მიმართულებით. პროექტი მოიცავს 111.5 მეტრის სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის (156 მლნ მ3 ტევადობის წყალსაცავი) აშენებას და დაახლოებით 5 კმ2 (500 ჰექტარი) ფართობის წყალსაცავის მოწყობას. დასატბორი ტერიტორია მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს - 48 ჰა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს - 157 ჰა და 3 დასახლებულ პუნქტს (სოფ. მოლეკულა, სოფ ქვედა ონჭეიში და სოფ. მექვენა-ვანიჭალა). პროექტს დამატებით 4 დასახლებულ პუნქტზე (სოფ. ზემო ონჭეიში, სოფ. ვანი, სოფ. დერჩი და სოფ. მექვენა) ექნება არაპირდაპირი ზემოქმედება - ნაწილი ფიზიკურ, ნაწილი კი ეკონომიკურ განსახლებას დაექვემდებარება. სულ ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შეიძლება დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი 47 ოჯახის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

გარდა აღნიშნულისა, დაგემილია ტვიში ჰესის და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ. ძაბვის 15 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.

მწვანე ალტერნატივასშეფასება

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, საკონსულტაციო კომპანია „გამას“ მიერ მომზადებული გზშ-ის ანგარიში ძალზე უხარისხოა.

მათი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ალტერნატივების ანალიზი ემსახურება არა გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით რეალური და საუკეთესო ალტერნატივის წარმოჩენას, არამედ ანგარიშში მხოლოდ მათ ფორმალურ არსებობას.

გარდა ტექნიკური საკითხებისა, „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკულად არ არის შეფასებული პროექტის ირიბი ზემოქმედება იმ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებიც ზეგავლენის არეალში ხვდება, თუმცა არ ექვემდებარება განსახლებას, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.

„კონსულტანტის მიერ არ იქნა შესწავლილი პროექტის ირიბი ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობაზე, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, საკმაოდ დიდი ფართობის (დაახლოებით 600 ჰა) დაკარგვით, და მეორე მხრივ, მიკროკლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებით ჯანმრთელობაზე, მოსავალზე, მათ შორის ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე“, - ვკითხულობთ „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიშში.

მათი თქმით, გზშ-ის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.

სოციალური ზემოქმედება

მწვანე ალტერნატივაწერს, რომ გზშ-ის  ანგარიშის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებას პროექტის სოციალური ზემოქმედების არასათანადო შეფასება წარმოადგენს, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკულად მხოლოდ, .. დადებით ფაქტორებზე(ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დასაქმება). რაც შეეხება პროექტის უარყოფით ზემოქმედებას ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც გამოწვეული იქნება განსახლებით, მიკროკლიმატის ცვლილებით, ჰესის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ფართობების დაკარგვით, არ არის შეფასებული და არც შემარბილებელი ღონისძიებებია განსაზღვრული.

„ანგარიშში არ არის გაანალიზებული მიკროკლიმატის ცვლილებით გამოწვეული ისეთი ზემოქმედებები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების შემოსავლებზე, კერძოდ, მოსავალზე, ისე ჯანმრთელობაზე. ამას გარდა, უაღესად მნიშვნელოვანი იქნება საძოვრების, სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგადად, ტყის რესურსების დაკარგვით გამოწვეული ზემოქმედებაც. აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის არარსებობა ანგარიშის სერიოზული ნაკლოვანებაა, რამაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ამ რეგიონის სოფლების სრული დაცლა გამოიწვიოს“, - წერს „მწვანე ალტერნატივა“.

ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე

„მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნებით, ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტის ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე, რომელიც პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები. კერძოდ, ანგარიშში არ არის შეფასებული ის ზიანი, რომელიც მიადგება პროექტის განხორციელების შედეგად სოფლის მეურნეობას, რომელიც თავის მხრივ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს. საუბარია, ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე მიკროკლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებასთან. საპროექტო არეალში მოქცეულია ყურძნის უნიკალური ჯიშების (ხვანჭკარა, უსახელაური, ტვიში სხვა.) მიკროზონები, შესაბამისად, ამ არეალში პროექტის განხორციელება შეცვლის არსებული მიკროზონის მახასიათებლებს, რაც გამოიწვევს ამ უნიკალური ყურძნის ჯიშების ხარისხობრივ გაუარესებას ან საერთოდ გაქრობას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

ტვიში ჰესისა და ნამოხვანი ჰესის გზშ- ანგარიშში აღნიშნულია, რომ  ანგარიშის მომზადებისას საველე დაზვერვა ჩატარდა საპროექტო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენისთვის. საველე სამუშაოები ჩატარდა რიონის ხეობის 14 დასახლებულ პუნქტში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოიკვეთა ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობის ურბანული არეალები, კულტურული ლანდშაფტი და არქიტექტურული ნიმუშები, რომლებიც ნაწილობრივ ჰყვება დატბორვის ზონაში.

სოფლების სასაფლაოები

გზშ-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წყალსაცავების წყლით დასაფარი ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულია რამდენიმე სოფლის (მოლეკურა, ქვედა ონჭეიში, საძმო საფლავი სოფ. ლახეფას შესახვევთან) სასაფლაო. წყალსაცავების წყლით შევსების პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი წესების დაცვით უნდა განხორციელდეს სასაფლაოების ტერიტორიების დამუშავება (გვამების გადასვენება, სასაფლაოს ნაგებობების დემონტაჟი და სხვა). აღსანიშნავია ასევე სოფ. ვაინაჭალა-მექვენას სასაფლაო, რომელიც დატბორვის ზონაში არ ხვდება, მაგრამ ძალზე ახლოს იქნება წყალსაცავის სანაპირო ზოლთან. წინასწარ დამუშავებას და გაუვნებლობას საჭიროებს დასატბორ ტერიტორიებზე არსებული ცხოველთა სამარხები.

 „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ პროექტი გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების, დაცული, იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების შეუქცევად დეგრადაციას. გარდაუვალია „საქართველოს „წითელი წიგნისა“ და „წითელი ნუსხის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონების, ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა და ბერნის კონვენციის დებულებების დარღვევა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ აღნიშნული ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა 2015 წელს გასცა.

კულტურული ძეგლების სია, რომლებიც ნამახვანის ჰესების კასკადის ზეგავლენის არეალში ექცევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^