You can be on Entrepreneur’s cover!

დიო - ბიზნესუწყვეტობის 25 წელი 8900 განხორციელებული პროექტი, 200 თანამშრომელი, 70 სახეობის პროდუქტი, 40 000 მომხმარებელი.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

საქართველოში დაფუძნებისა და არსებობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანია „დიომ" განვითარების გრძელი გზა გაიარა. ნულოვანი კაპიტალით დაფუძნებული კომპანია უამრავი ადამიანისა და ორგანიზაციისთვის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს, რომლის პროდუქციითაც მათი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოა აღჭურვილი. ამ დროის განმავლობაში განხორციელებული პროექტების რიცხვი 8900-ს ითვლის, დასაქმებულთა რაოდენობა 200 თანამშრომელს, მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტი 70 სახეობას, მომხმარებელთა რაოდენობა კი თითქმის 40 000-ია. ეს მაჩვენებლები კომპანიის პორტფელში მყარ ადგილს იკავებს და სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას, რადგან იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად, ადამიანური რესურსის საჭიროებაც, რომელიც კომპანიის პროდუქციის შექმნასა და სერვისს სათანადოდ უზრუნველყოფს.

1994 წელს ირმა დაუშვილის მიერ დაწყებულ საქმიანობას მალე ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ და საოჯახო გუნდური ძალისხმევით კომპანიის შექმნა გადაწყვიტეს. 1996 წლის 13 მარტს კომპანია „დიო" ოფიციალურად დარეგისტრირდა და მის დამფუძნებლებს შორის პასუხისმგებლობები შემდეგნაირად გადანაწილდა: ირმა დაუშვილი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს. თამაზ დაუშვილი აღმასრულებელი დირექტორი ხდება, თამარი კი ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გვევლინება. თუ რა გზა გაიარა კომპანიამ, როგორი იყო პირველი ნაბიჯები და როგორ განაგრძობს განვითარებას „დიო", ამის შესახებ Entrepreneur-ს დაუშვილების მმართველი გუნდი ესაუბრა.

„ჩვენი ისტორია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალ საბაზრო სისტემაზე გადაეწყო ქვეყანა. ეს საკმაოდ რთული პერიოდი გახლდათ. ამ დროს ბიზნესის ჩამოყალიბებისთვის არც საზოგადოება იყო მზად და არც ამის ხელშემწყობი გარემო არსებობდა, რადგან საბჭოთა წყობისა და მენტალობისთვის კერძო ბიზნესი უცნობ სფეროს წარმოადგენდა. 1990-იან წლებში უამრავ ადამიანს მოუწია ბრძოლა არსებობისთვის და სხვადასხვა გზის ძიება ცხოვრების გასაგრძელებლად. ჩვენ სამეცნიერო ოჯახიდან ვართ და ბიზნესთან შეხება მანამდე ჩვენც არ გვქონდა, თუმცა იმ დროს მოგვიწია და მომიწია ზრუნვა ოჯახის არსებობისთვის. რამდენიმე სამსახურიც გამოვიცვალე ამ პერიოდში: ვმუშაობდი სკოლაში, ჯანდაცვის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში, შემნახველ ბანკში პროგრამისტ ინჟინრად, ასევე ავიაბილეთების სალაროში. თუმცა, შემოსავლები იმდენად მწირი იყო, რომ დავიწყე ფიქრი კერძო ბიზნესსაქმიანობაზე. პირველი, რაც შევძელი, იყო ნამცხვრების ცხობა. აგრეთვე მქონდა გამოცდილება მოსწავლეების მომზადების მიმართულებითაც. ასე რომ, საკუთარი შრომით შემოსავლის მიღება ჩემთვის არ იყო უცხო. ამ დროს დაემთხვა ჩემი მეგობრის წასვლა უცხოეთში, რომელმაც შემომთავაზა ჟალუზებით დავინტერესებულიყავი და მეც პირველი დამკვეთების მოძიება დავიწყე. ზუსტად ის პერიოდი იყო 1995 წელი, როცა მშენებლობები და რემონტები ნელ- ნელა იწყებოდა ქვეყანაში. საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე აქტიურად შემოდიოდნენ. ჩვენი პირველი დამკვეთები სწორედ საელჩოები იყვნენ. იმ პერიოდში მობილური კომუნიკაცია ფაქტობრივად არ არსებობდა, ელექტროენერგიაც ჭირდა და დამვეთების მოძიება ქალაქში ფეხდაფეხ სიარულით გვიწევდა. ისიც კი მახსოვს, რომ 8 საათის შემდეგ ვიწყებდით პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან მანამდე შუქი არ იყო", − იხსენებს ირმა დაუშვილი.

„ამ პერიოდში ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდა, ახალი კონსტიტუცია მიიღეს და სტაბილურობის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. ეკონომიკამ მცირედით გამოცოცხლება დაიწყო. ახალი საგადასახადო კოდექსი, საფინანსო სისტემა და ეკონომიკური წყობა იკიდებდა ფეხს. ნელ-ნელა ახალი შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომ ხალხს რაღაც ეკეთებინა. ჩვენი პირველი ნაბიჯებიც ამ პერიოდს ემთხვევა. ამ დროს მე სტუდენტი ვიყავი და აქტიურად ჩავერთე კომპანიის განვითარების პროცესში. თავდაპირველად, ბევრი ფუნქციის შეთავსება თავად გვიწევდა. ირმა ყოველთვის ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი იყო. მისი ეს თვისება საქმეში ძალიან დაგვეხმარა. ირმას მეგობარი კი ფაქტობრივად ჩვენი მომწოდებელი გახდა. მაშინ საქართველოში წარმოება წარმოუდგენელი იყო და ჩვენ აქ მხოლოდ გამოგზავნილი ჟალუზების რეალიზებას ვახდენდით, თუმცა სულ რაღაც ერთ წელიწადში ფარდა- ჟალუზების პირველი ადგილობრივი საწარმო გავხსენით", − გვიყვება თამაზ დაუშვილი.

რთულ წლებში საქმიანობის დაწყებისთანავე, მთავარ სამოქმედო პრინციპად საკუთარ თავსა და გუნდს კეთილსინდისიერება წაუყენეს, რომელიც დღემდე კომპანიის მთავარ ღირებულებად რჩება. მომხმარებლისთვის მუდმივად პასუხისმგებლიანი სერვისის მიწოდება, წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე „დიოს" სიმყარის გარანტად იქცა. გუნდის ახალი წევრების შერჩევისასაც ამ თვისებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა − თანამშრომელი კეთილსინდისიერი მუშაობის, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქციისა და სერვისის მიწოდებაზე მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული.

„ბიზნესუწყვეტობის მთავარი მიზეზი მომხმარებლების მაღალი ნდობის მოპოვებაა. ამას ჩვენ 25 წელია მყარად ვინარჩუნებთ. ჩვენი გუნდის წევრები ამ მახასიათებლებით არიან შემკულნი. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 23-24 წლის სტაჟის მქონე გუნდის წევრები გვყავს, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები არიან. ნამდვილად ბევრჯერ გვიფიქრია, თუ რა იყო ის, რის გამოც ჯერ კიდევ იმ წლებში ნდობას გვიცხადებდნენ. დღემდე, მთავარი პრინციპი, რომლითაც მაშინ დავიწყეთ მუშაობა, უცვლელად შენარჩუნებულია", − თამარ დაუშვილი.

„დავამატებდი, რომ ჩვენი ღირებულებები კიდევ სამი პუნქტისგან შედგება: მომხმარებელზე ზრუნვა, კოლეგებზე ზრუნვა და კომპანიის იმიჯზე ზრუნვა. მომხმარებელთან ბოლომდე პატიოსანი უნდა იყო და არასოდეს, შეცდომების შემთხვევაშიც კი, თავი არ დაიძვრინო ტყუილებით. ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა უმნიშვნელოვანესია. ეს ჩვენს საქმეს პირველსავე დღიდან მოჰყვება, სხვაგვარად აქამდე ვერც მოვიდოდით. ერთმანეთის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, არა მხოლოდ როგორც ოჯახის წევრების, არამედ როგორც თანამშრომლების მიმართ, ოჯახში ბავშვობიდან მივეჩვიეთ. გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გუნდურობის მთავარ პრინციპებზე შეთანხმებულები ვართ", − თამაზ დაუშვილი.

სწორედ ამ გუნდური პრინციპით, 1995 წელს დაწყებული საქმიანობა, რომელიც ოფიციალურად ბრენდული სახელით „დიო" წელს რეგისტრირდა და განაგრძო საქმიანობა, დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანიის ფილიალები ქუთაისში, ბათუმსა და თელავშია, წარმომადგენლობები კი მთელ საქართველოშია გადანაწილებული. რეგიონების განვითარების პარალელურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქციაზეც, განსაკუთრებით სწრაფი დინამიკა ამ მხრივ ბაკურიანსა და ბათუმში შეინიშნება. კომპანია ადგილობრივ წარმოებას დიდ ყურადღებასა და რესურსებს უთმობს. პირველი ადგილობრივი წარმოების პროდუქტი − ვერტიკალური ჟალუზი 1997 წელს შექმნეს. დღეს საწარმოებს ქუთაისსა და თბილისში ფლობენ. ადგილობრივი წარმოების უფრო მეტად განვითარება კომპანიის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც მთლიანად ქვეყნისთვის გაცილებით მეტი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას ნიშნავს. ამისთვის კი ძალებს არ ზოგავენ. „დიოსთვის" არც მუდმივ გამოწვევებთან გამკლავებაა უცხო. თავისთავად, კომპანიას გამოწვევებით სავსე პერიოდში მოუწია დაბადება და ერთგვარი ორგანიზაციული იმუნიტეტი წლებთან ერთად გამოიმუშავა.

„ჩვენთვის გამოწვევები სიახლე არაა, რადგან ისეთ პერიოდში დავიწყეთ ეს საქმე, რომ მაშინ ბიზნესის დაწყებაც კი უკვე დიდ გამოწვევას ნიშნავდა. არაერთხელ გაგვძარცვეს, უამრავი სირთულე გადავლახეთ. თავისთავად, ყველა ახალი ამოცანის გადაჭრა გამოწვევაა. ამასთანავე, ყოველი სირთულის გადალახვა ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს და სამოქმედოდ უკეთეს გზებს გვიხსნის. ასეთივე იყო ადგილობრივი წარმოების დაწყებაზე ფიქრიც. სირთულეები ყველა ეტაპს ახლდა, თუმცა მათ, როგორც ახალ შესაძლებლობას, ისე ვუყურებთ და ვიყენებთ. Covid 19-იც ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა", − ამბობს ირმა დაუშვილი.

„ყველა პრობლემისა და გამოწვევის დროს უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და მაშინვე შემდეგ ნაბიჯებზე დავიწყოთ ფიქრი. ამისთვის მუდმივი ფსიქოლოგიური მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გარკვეულმა სირთულეებმა არ დაგთრგუნოს და უმოქმედო არ გაგხადოს. კრიზისები გარკვეული პერიოდულობით მუდმივად მეორდება. მსოფლიოსა და საქართველოს უახლესი ისტორიაც ამას კარგად მოწმობს. ამიტომ ძალიან რთულია ბიზნესმა გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავოს", − თამაზ დაუშვილი.

„გუნდური აზროვნება კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ამ კრიზისებისთვის უკვე შემაგრებული იყო. პანდემიის პირველი კვირა ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს გახლდათ დიდი დაბნეულობის პერიოდი. არ ვიცოდით რა ინსტრუქციებით უნდა გვემოქმედა. ჩვენ გვყავს შრომის უსაფრთხოების სამსახური და ესეც ძალიან დაგვეხმარა, რათა უმოკლეს დროში საკვანძო ადამიანების მობილიზება მოგვეხერხებინა. შევქმენით შტაბი, სადაც ყველამ გაინაწილა ფუნქციები. ოპერატიულად დავიწყეთ თავდაცვის საშუალებების მოპოვება და ჩვენი თანამშრომლებისთვის დეტალური ინსტრუქციების მიწოდება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როგორ უნდა მისულიყვნენ მომხმარებლებთან, ან როგორ მიეღოთ ისინი ოფისში. ახალ ნორმებთან სწრაფად მოვახერხეთ ადაპტირება", − იხსენებს პანდემიის პირველ ტალღას თამარ დაუშვილი.

სწრაფ ადაპტირებასთან ერთად, კომპანიის მყისიერ მიზანს 31 მარტამდე უწყვეტად მუშაობის შენარჩუნება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა აქტივობამ საგრძნობლად იკლო, „დიომ" თანამშრომლების მიმართ არსებული ყველა ფინანსური ვალდებულების გასტუმრება მოახერხა. შეზღუდული რესურსებით მუშაობის პირობებშიც კი ეფექტიანობის შენარჩუნება მოახერხა და მომხმარებლის გვერდით დგომა განაგრძო. ყოველდღიური სინქრონული მუშაობითა და ინდივიდუალური მაღალი პასუხისმგებლობის განცდით, გუნდი მაქსიმალურის გაკეთებას შეეცადა.

„ამ პერიოდში ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ როგორ უყვარს თითოეული რგოლის თანამშრომელს საკუთარი სამსახური, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, დამატებითი გუნდური მოტივაციაა. პანდემიამ ახალი ტიპის პროდუქტების საჭიროება და მოთხოვნაც გააჩინა − ე.წ. COVID- პროდუქტები ანუ სხვადასხვა ტიპის ბარიერი, დამცავები, რომელიც უსაფრთხოების მიზნით უნდა შექმნილიყო. ჩვენც სწრაფად ვადაპტირდით მათ შექმნაზე და ახალი საჭირო პროდუქტები შევმატეთ ჩვენს ჩამონათვალს", − ირმა დაუშვილი.კომპანიის სამომავლო მიზნებსა და გეგმებს საქმიანობის გაფართოება, ზრდა და საქართველოში წარმოების განვითარება წარმოადგენს. „დიოს" ქუთაისის საწარმოში ქვეყანაში უკვე პირველი პერგოლები იწარმოება. ასევე ფართოვდება კომპანიის საწარმო თბილისშიც, რომელიც უამრავი ახალი პროდუქტის შექმნის ეპიცენტრი იქნება და არაერთ ნოვაციას ჰპირდება ბაზარს. სიახლეების პროფესიულ წრეებში სწრაფი გავრცელებისთვის კი „დიომ" არქიტექტორთა კლუბი ჩამოაყალიბა. არქიტექტორები აქ პირველები ეცნობიან სფეროს სიახლეებს და ახალი პროდუქტების ინტეგრირებას საკუთარ პროექტებში ახდენენ. კომპანია და კლუბის წევრები აქტიურად ცვლიან ინფორმაციას, გამოცდილებას, სიახლეებს და ერთმანეთის გაძლიერებას უჭერენ მხარს.

„დიოში" დიდი ყურადღება მასალებისა და პროდუქციის უსაფრთხოებას ეთმობა, რათა მომხმარებელთა ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. როგორც რესპონდენტები გვეუბნებიან, მათ პროდუქციაში არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც საკუთარ სახლებში თავად არ გამოიყენებდნენ. „რასაც ჩვენ თვითონ არ გამოვიყენებთ, ის მომხმარებელთან არც მოხვდება", − ასე ჟღერს კრიტერიუმი, რომელსაც თითოეული პროდუქტი და მისი შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს. და თუ მაინც რაიმე ხარვეზი გაიპარა, აქ საკმაოდ გამართული აღრიცხვიანობისა და მომხმარებელთან უკუკავშირის სისტემა არსებობს, რომელიც პროცესებისა და პროდუქციის გაუმჯობესების ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

კომპანიაში სამშენებლო სექტორისა და მისი ინდუსტრიის განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად ქვეყანაში სათანადო განათლების დონე მიაჩნიათ, რომელიც განსაკუთრებით საინჟინრო მიმართულებებითაა საჭირო. ამ საქმეში „დიო" საკუთარი აგურის დადებას აქტიურად ცდილობს. ის განათლების სამინისტროსა და დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად დუალური განათლების პროგრამაშია ჩართული და საინჟინრო- ინფრასტრუქტურულ სფეროში პროფესიონალთა ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

„ჩვენ საშუალებას ვაძლევთ სტუდენტებს, რომ საკუთარ საწარმოთა ბაზებზე გაიარონ დუალური სწავლების პრაქტიკული კომპონენტი. კარგად გვესმის, რომ ეკონომიკის ერთ-ერთი მძლავრი ფუნდამენტი პროფესიული სასწავლებლების გამართულობაა. საჭიროა მათკენ მიმართული ყურადღება, რესურსები და მათი დაფასება. მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არ უნდა ითვლებოდეს პრესტიჟულად. მთავარია ადამიანმა შეძლოს თავისი უნარების დროულად გამოყენება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა", − გვეუბნება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

პროფესიული განათლების მიმართულებით აქტიურობასთან ერთად, „დიო" ქალთა გაძლიერების პროგრამის მონაწილეცაა. ამასთანავე, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა CSR-აქტივობას, რომელიც განათლების დონის ზრდისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნისკენაა მიმართული. კომპანიის მისიას, ქვეყანაში არაერთი დადებითი ცვლილების ავტორობა წარმოადგენს. აქ მიაჩნიათ, რომ ბიზნესის ძალისხმევა მხოლოდ საკუთრივ ბიზნესის განვითარებისა და ზრდისკენ არ უნდა იყოს მიმართული. ის გაცილებით მეტს, უფრო მასშტაბურ მიზნებს უნდა ისახავდეს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას შეძლებს. ამ მიზნებისკენ სვლას კი „დიო" უწყვეტად აგრძელებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი