ფუჟან და ფარზან ფარრაჰინიები 35 და 41 წლის არიან. ერთმანეთს საუკეთესო მეგობრებად მიიჩნევენ და უსიტყვოდ ესმით, რას ფიქრობს მეორე. ჩვენს კითხვებსაც ერთმანეთის ნაცვლად პასუხობენ. სწორედ ასე აღმოჩნდა ფუჟანი ჩვენი რესპონდენტი — თავიდან ინტერვიუზე მხოლოდ ფარზანი დაგვთანხმდა, თუმცა საუბრისას, როცა პასუხის გაცემაში ძმას ეხმარებოდა, მისი ისტორიაც მოვისმინეთ.

თეირანიდან საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდნენ. ირანიდან წამოსვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდათ, მაგრამ მშობლების დატოვება უჭირდათ. საქართველოს შესახებ საიმიჯო რეკლამიდან გაიგეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენთან ვიზიტს ურჩევდა. დაინტერესდნენ, ჯერ იმოგზაურეს, შემდეგ კი აქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა — საქართველოდან ირანში ჩასვლას მარტივად შეძლებდნენ, ბუნება და ცხოვრების სტილიც მოეწონათ.

წლების განმავლობაში ბევრი რამ ისწავლეს — როგორ დააკლებინონ ბაზარში პროდუქტზე ფასი, რომელია საუკეთესო ქართული კერძი, სად შეიძინონ კარგი ჭაჭა და ისიც, რომ ქართველებს შაჰ-აბასი ძალიან არ მოსწონთ. ოცნებობენ ზოომაღაზიაზე და თონეზე, სადაც შოთის პურს გამოაცხობენ.

საქართველო და ქართველები ძალიან უყვართ. მხოლოდ ის აწუხებთ, რომ დოკუმენტების მიღებაზე უარს ეუბნებიან. ამის გამო სამშობლოში ოჯახთან ჩასვლას ვერ ახერხებენ. განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდათ, როცა დედა გარდაეცვალათ და მის დაკრძალვაზე ჩასვლა ვერ შეძლეს. ცდილობენ, კანონის დაცვით მიიღონ საჭირო საბუთები, მაგრამ ბიუროკრატია აბრკოლებთ.

"ირანში თავისუფლება არ გვქონდა"

"თითქოს სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ თუ მათ შენთვის ზიანის მოყენება გადაწყვიტეს, ამის გაკეთება შეუძლიათ" — ასე პასუხობს და-ძმა კითხვას, რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა. მკაცრი კანონები, საზოგადოება და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება მათ პიროვნებას ზღუდავდა, ამას ვერ ეგუებოდნენ.

"ირანში ჰიჯაბის გამო პრობლემები მქონდა, ორჯერ დამაკავეს. დაკავებისას ჰიჯაბი მეკეთა, მაგრამ ცოტათი მოკლე შარვალი და სანდლები მეცვა, როგორც აქ აცვიათ. ამიტომ ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი ციხეში კრიმინალ ქალებთან ერთად. ეს ძალიან ცუდად მახსოვს. ამის შემდეგ ღამით ვერ ვიძინებდი. ახლაც ძალიან განვიცდი, როცა ვიხსენებ.

მეორედ მაშინ დამაკავეს, როცა უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი. ოჯახის წევრების ნომრები და მისამართი მთხოვეს, მაგრამ წინა დაკავების გამოცდილება მქონდა და ვუთხარი, რომ თეირანში განათლების მისაღებად ვიყავი ჩასული და იქ არ ვცხოვრობდი, ასე ჩემი ოჯახის შეშინებას ვერ შეძლებდნენ. ამ დაკავებისას ჰიჯაბი სრულად მეკეთა, მიზეზი არ ჰქონდათ, უბრალოდ ჩემი შეშინება უნდოდათ", — იხსენებს ფუჟანი.

ფუჟან ფარრაჰინია

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

და-ძმა გვიამბობს, რომ ირანში ქალებს უფლება არ აქვთ, საჯარო სივრცეში შეყვარებულთან ერთად გამოჩნდნენ, მოწიონ სიგარეტი, ატარონ ველოსიპედი ან მოტოციკლი. მანქანის მართვის გამოც ხშირად აკრიტიკებენ, განსაკუთრებით კაცები. არ აქვთ ბარები, აკრძალულია ალკოჰოლის დალევა. თუ პოლიცია ნასვამს შენიშნავს, დაკავების და დაჯარიმების უფლება აქვს. ამბობენ, რომ ასეთ დროს სამართალდამცავები მოქალაქეებს მათრახითაც სცემენ.

"თუ პაემანზე დაგინახეს ან შეყვარებულთან ერთად, ჯარიმაა. მათ, ასევე, შეუძლიათ ამ დროს მშობლებთან დარეკონ და იძულებით გაგათხოვონ. მაგრამ ბიჭისთვის შეყვარებულის ყოლა პრობლემას არ წარმოადგენს", — ამბობს ფუჟანი.

დაბრკოლებები ჰქონდა ფარზანსაც, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე მის დას. უსამართლობად მიაჩნდა ის, რომ ისედაც შეზღუდულ გარემოში მას და ფუჟანს განსხვავებული უფლებები ჰქონდათ. მაგალითად, თუკი ტატუს გაკეთება მისთვის პრობლემა არ იყო, ფუჟანს ამის გამო აკრიტიკებდნენ.

"მარტივი არ იყო ჩემი ჩაცმის სტილით ცხოვრება. საქართველოშიც სხვანაირად უყურებენ ბიჭს პირსინგით და წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა ეს ირანში".

არც სამსახურის საკითხი იყო მარტივი — ფარზანმა მექანიკური ინჟინერია და ინტერიერის დიზაინი ისწავლა, მაგრამ ამ მიმართულებებით არ დასაქმებულა. მამასთან ერთად ზოომაღაზიაში მუშაობდა. ფუჟანი გიდი იყო და ეს ძალიან მოსწონდა, მაგრამ წამოსვლა მოუწია და ისიც საოჯახო საქმიანობაში ჩაერთო.

"მე მყავდა შეყვარებული, მქონდა სამსახური, ამაში ოჯახი ხელს მიწყობდა. შეყვარებულთან ერთად სამი წელი ყავის მაღაზიაში ვმუშაობდი. ასევე, ვმუშაობდი გიდად. ძალიან მომწონდა, მაგრამ გოგოსთვის რთულია, რადგან კაცები გეფლირტავებიან და ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ამიტომ შევწყვიტე გიდად მუშაობა", — ამბობს ის.

ჰიჯაბში თავს კომფორტულად არასდროს გრძნობდა. როცა პირველად დატოვა ირანი, მიხვდა, რომ იქაური წესები მას ნახევარ ცხოვრებას აკარგვინებდა. პირველად ნეპალში იმოგზაურა და დღემდე აოცებს ის ფაქტი, რომ თვითმფრინავში ღვინის დალევა შეძლო.

აქ თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ჰიჯაბის ჩაცმა არავინ მაიძულებს და მინიმუმ D ვიტამინის მიღება შემიძლია. ირანში ეს შეუძლებელი იყო

ფუჟანი

ახსოვს, როგორ ჩაიცვა პირველად საცურაო კოსტიუმი და გავიდა სანაპიროზე ისე, რომ არ ეშინოდა. მისთვის ემოციური იყო ისიც, რომ თავისუფლად შეეძლო კაფეში ყოფნა. საქართველოც ამიტომ უყვარს — აკეთებს იმას, რაც უნდა, აცვია ის, რაც მოსწონს. თან სასურველ დროს ბათუმში ზღვაზე ყოფნა და კახეთში ღვინის დაგემოვნება შეუძლია.

"იქაც ვცდილობდი ჩემი სტილი მეპოვა. წარბზე პირსინგი ირანში გავიკეთე. ოჯახში მიიღეს, მაგრამ ხალხი ალმაცერად მიყურებდა. ერთმა მკითხა, რა მქონდა თვალზე. ვუპასუხე, რომ ექიმის რჩევით გავიკეთე. გაგიკვირდებათ და დაიჯერა. ტატუც ირანში გავიკეთე. ჰიჯაბში არ ჩანდა და გავბედე. დედაჩემი თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ როცა გავიკეთე, ძალიან მოეწონა.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მენატრება კიდეც, მაგრამ იქ ადამიანების ნდობა არ მაქვს. არასდროს იცი, რას იტყვიან შენს ზურგს უკან და როდის შეგექმნება პრობლემა პოლიციასთან. მირჩევნია აქ ახლობლების გარეშე ვიცხოვრო, მაგრამ თავისუფალი ვიყო".

ამბობენ, რომ აშშ-ს სანქციების შემდეგ იმპორტი გართულდა და საოჯახო ბიზნესის შენარჩუნება გაუჭირდათ, არც ახლის დაწყება იყო მარტივი, ამიტომ მომავლის ძებნა სხვაგან დაიწყეს.

"აგრესიული ქვეყნიდან წამოვედით, აქ მსგავსი აურა არ არის"

საქართველოში ჩამოსვლამდე ყველაფერი შეისწავლეს. იცოდნენ, რომ აქ ქონებას თუ შეიძენდნენ და საჭირო პროცედურებს გაივლიდნენ, ბინადრობის უფლებას მიიღებდნენ. თუმცა დოკუმენტები ამ დრომდე არ აქვთ. მოგზაურობა უყვართ და ძალიან უნდათ სხვა ქვეყნებში წასვლა. ეგონათ, ეს საქართველოდან უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე ირანიდან, მაგრამ საბუთების გარეშე ქვეყანას ვერ ტოვებენ.

"ვიცოდით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა მშვენიერი ამინდით, ცოტა მოსახლეობით. თეირანში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ამინდიც ცუდია.

ირანიდან წამოსვლაზე ჩვენი გადაწყვეტილება მშობლებისთვის მარტივად მისაღები არ იყო, თუმცა დაგვთანხმდნენ იმ იმედით, რომ ხშირად შევძლებდით ჩასვლას. სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა და ვერც კი ჩავედით. მამა დღემდე თეირანში ცხოვრობს. თუ ირანში გავემგზავრები, საქართველოში უკან არ შემომიშვებენ, რადგან მოქალაქეობა არ მაქვს. ძალიან რთულია", — ამბობს ფარზანი.

აქ ორ მეგობართან ერთად ჩამოვიდნენ, ბინა იყიდეს და რესტორანი გახსნეს. კულინარია აინტერესებდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ეს მომგებიანი ბიზნესი იქნებოდა. ამბობენ, რომ არ გაამართლა და 7 თვეში დახურვა მოუწიათ, თუმცა არ ნანობენ, რადგან გამოცდილება მიიღეს.

"რემონტი უნდა გაგვეკეთებინა და სამწუხაროდ, სეზონი გამოვტოვეთ. ბევრი მომხმარებელი არ გვყავდა და გადასახადები იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მოგება. ბევრი მეგობარი შევიძინეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა დაგვეხურა. ამის შემდეგ სამსახურის გარეშე დავრჩით, მაგრამ რადგან ორი ბინა გვაქვს, ერთ მათგანს ვაქირავებთ და ეს არის ჩვენი შემოსავალი", — ამბობს ფარზანი.

საქართველოსთან შეგუება არ გაუჭირდათ. მთავარი პრობლემა ენის ბარიერი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში იმდენი ისწავლეს, რომ კომუნიკაცია შეძლონ. ამბობენ, რომ ინგლისურის ცოდნა დიდად არ გამოადგათ, რადგან ბევრმა არ იცის, ამიტომ რუსულის სწავლაც დაიწყეს. ფიქრობენ, რომ ქართულთან ერთად რუსულის ცოდნა საქმეს გაუმარტივებთ.

ფარზან ფარრაჰინია

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ურთიერთობები მარტივად დაიწყეს. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ. ფუჟანის შეყვარებულიც ქართველია. ამბობენ, რომ ცუდი დამოკიდებულება არავისგან უგრძნიათ და ქართველებთან ბევრი რამ აქვთ საერთო. მხოლოდ ის არ ესმით, რატომ ახსენებენ ასე ხშირად შაჰ-აბასს.

"საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითად, გარკვეული სიტყვები: შალვარი, ფანჯერა. ვფიქრობ, 4 000-ზე მეტი საერთო სიტყვა გვაქვს, მაგრამ ცოტა განსხვავებულად წარმოვთქვამთ. კულტურულად რაღაცნაირად ერთნაირი ვართ. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი უფრო კარგია, ვიდრე ირანელები.

მე მსმენია, რომ უცხოელების ნაწილს გარკვეული პრობლემები ჰქონიათ, მაგრამ მე მართლა არ მქონია ცუდი გამოცდილება საქართველოში. თუმცა ვამჩნევ, ხალხს დღემდე წყენა აქვს. რა ერქვა მაგ მეფეს, რომელიც საქართველოში შემოიჭრა? შაჰ-აბასი, ჰო. მინდა ადამიანებმა დაივიწყონ ეგ შაჰ-აბასი. ჩვენ არ ვართ ის შაჰ-აბასი, ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ. ზოგი ისე იქცევა, რომ იციან ეგ ისტორია და მაგის გამო ვძულვართ. ეგ ათასი წლის წინ იყო".

ფარზანს კულინარია იტაცებს. ქართული კერძების მომზადება არ იცის, მაგრამ მათზე ლაპარაკი უყვარს, განსაკუთრებით ხინკალსა და ჩიხირთმაზე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, მაგრამ მონდომებით გვიხსნიდა, რომ ეს არის კერძი ქათმითა და ბევრი ნივრით. ასეთივე მონდომებით ცდილობდა ფუჟანი გაეხსენებინა სოკო კეცზე, მაგრამ კეცის შესატყვისი ვერ იპოვა და აგვიხსნა, რომ სულგუნით და სოკოთი მზადდება. ხაჭაპურიც უყვარს, განსაკუთრებით აჭარული, რომელიც ბათუმში გასინჯა.

არამხოლოდ კულინარია, ქართული ენაც ძალიან მოსწონს. ბევრი სიტყვა ისწავლა, ისეთები, რაც პროდუქტების შეძენაში სჭირდება. თუმცა, ტრადიციულად, ისიც აღმოჩნდა იმ უცხოელების რიცხვში, ვისაც ქართველმა მეგობრებმა "საფირმო ფრაზები" ასწავლეს. დასაწყისშივე ბოდიშს გვიხდის, ამბობს, რომ ეს წინადადებები მაინცდამაინც არ მოსწონს, მაგრამ სმენია, რომ სახალისოა. შემდეგ კი დაძაბულად, თუმცა მხიარულად გამოთქვამს: "ბაყაყი წყალში ყიყინებს", "მთვრალი კაცი, კაი კაცი" და ა.შ.

ენის ბარიერმა პრობლემები განსაკუთრებით პანდემიისას შეუქმნათ, რადგან რეკომენდაციები ქართულ ენაზე იყო და ვერ იგებდნენ. ამ დაბრკოლებასთან გამკლავებას Google Translate-ით ცდილობდნენ, მაგრამ როცა მობილური ოპერატორებისგან მესიჯად იღებდნენ ლათინური შრიფტით დაწერილ ქართულ ტექსტს, საქმე ურთულდებოდათ.

კომენდანტის საათსა და იზოლაციას იმ ქართული ვებგვერდების დახმარებით გაუმკლავდნენ, სადაც ინგლისურენოვანი ფილმები იპოვეს. დრო გაჰყავდათ ორი კატის მოვლაშიც, რომლებიც სახლში ჰყავთ. დღემდე იზოლაციაში არიან, რადგან ინფიცირების ეშინიათ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კონტაქტები შეზღუდონ.

"პანდემიამდე ბარებში დავდიოდით, გვიანობამდე გარეთ ვიყავით, დიდი რაოდენობით ჭაჭას ვსვამდით. ასევე, მიგვქონდა ჩვენი სასმელი, ვსეირნობდით და ძალიან კარგი იყო. რუსთაველის გამზირზე ვხვდებოდით ხოლმე მეგობრებს. ძალიან მომწონს ეს ადგილი, ოპერის სახლი, თავისუფლების მოედანი, მთაწმინდის პარკი, ძალიან ხშირად დავდიოდით. ახლა მეგობრებს დისტანციურად ვეკონტაქტები", — ამბობს ფარზანი.

ჩამოვლის შემდეგ ქართულ კულტურასთან შეგუება არ გაუჭირდათ. ამბობენ, რომ რელიგიურები არ იყვნენ და მუსლიმური ქვეყნიდან აქ გადმოსვლა რთული არ იყო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ფუჟანი მოინათლა. ნათლობის ცერემონიას ორივე აღფრთოვანებით იხსენებს.

"ჩემი დის ქრისტიანად მონათვლის ცერემონიამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კინაღამ ვიტირე. საოცარი რიტუალი იყო. მღვდელი ძალიან კარგი ადამიანი იყო. ის ქართულად საუბრობდა, მაგრამ ჩემი ადვოკატი მითარგმნიდა, როგორ ლოცავდა და კარგ რაღაცებს უსურვებდა.

მე მუსლიმი ვარ, მაგრამ რელიგიური არ ვარ. ჩემი აზრით, უბრალოდ კარგი ადამიანი უნდა იყო, ღმერთი ყველა ადამიანშია", — ამბობს ფარზანი.

ჩვენ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ ვიცით, რომ ეს პრობლემურია. აქ არ უნდა იყოს ადგილი რასიზმისთვის. შავკანიანია, გეი, ლესბოსელი ყველანი ადამიანები ვართ. თუ გვინდა, რომ კარგი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიყოთ

ფარზანი

საქართველო მშვიდი ქვეყანა ჰგონიათ, ამიტომ გაოცებული და შეშინებული იყვნენ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებით. დეტალურად არაფერი იცოდნენ, ახალი ამბები წაიკითხეს და შეეშინდათ იმის, რომ მათი უსაფრთხოება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"ღირსების მარშის შემდეგ შეშინებული ვიყავი, რადგან პირსინგს ვატარებ და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ბიჭი პირსინგით არ უნდა დადიოდეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ტურისტს თავს დაესხნენ, შემეშინდა. მეორე დღეს გარეთ არ გავსულვარ. ვფიქრობდი, რომ უსაფრთხო არ იყო", — ამბობს ფარზანი.

"ჩვენ საშიშები არ ვართ"

ფარზანი და ფუჟანი თავისი ცხოვრებით კმაყოფილები არიან. გვეუბნებიან, განა ბევრი რამე გვინდა? დოკუმენტების პრობლემების მოგვარება და ჩვენი პატარა ოცნებების ახდენაო.

ჩამოსვლის შემდეგ მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო აპლიკაცია შეავსეს. დოკუმენტებთან ერთად ირანიდან ნასამართლობის ცნობა მოსთხოვეს. სანამ საჭირო საბუთები შეაგროვეს, დრო ამოეწურათ და ხელახლა დასჭირდათ იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვა. სერვისების სააგენტოდან უარყოფითი პასუხი მიიღეს, მიზეზად კი მხოლოდ ის უთხრეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიიჩნიეს. არ ესმით რატომ, თუმცა იციან, რომ ამავე არგუმენტით ბევრმა მიგრანტმა ვერ აიღო საბუთი.

დანებებას არ აპირებდნენ, ამიტომ გაასაჩივრეს. მათი ადვოკატი გვეუბნება, რომ საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის გაცემის წესი შეიცვალა და სააგენტოში განაცხადი ხელახლა შეიტანეს, მაგრამ ისევ უარი მიიღეს. კვლავ გაასაჩივრეს და ამჯერად პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა. ახლა ელოდებიან, გაასაჩივრებს თუ არა სერვისების განვითარების სააგენტო ამ გადაწყვეტილებას.

"ჩამოსვლისთანავე, კანონის შესაბამისად, ორივემ ბინა ვიყიდეთ. უარი გვითხრეს, წესები შეიცვალა, ისევ ვცადეთ. არაფერი გამოდის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ადამიანის წვალება, ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუ არ გინდათ, რომ ადამიანები აქ ჩამოვიდნენ, არც რეკლამირება გაუწიოთ და ნუ იწვევთ თქვენს ქვეყანაში. ჩვენ არაფერი გვაქვს თქვენი საწინააღმდეგო, საშიშები არ ვართ. უბრალოდ, აქ ცხოვრება, მუშაობა გვინდა. თუ რამეს კანონსაწინააღმდეგოს გვიპოვით, კარგი, გაგვაგზავნეთ უკან", — ამბობს ფარზანი.

რაც შეეხება ფუჟანს, ადვოკატის განმარტებით, მან სამინისტროს მიმართა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ირანში დაბრუნება არ უნდათ. არ იციან, როგორ განვითარდება მათი ბედი, თუ დოკუმენტების პრობლემას ისევ ვერ მოაგვარებენ. ამბობენ, რომ აქ მუშაობა და სხვების დასაქმებაც სურთ, მთავარია ამაში სახელმწიფომაც შეუწყოს ხელი.

"სიმართლე გითხრა, ირანი საერთოდ არ მენატრება, ძირითადად, მთავრობისა და იქ არსებული მდგომარეობის გამო. ხალხი ყველაფერზე უფრო და უფრო აგრესიული ხდება, რადგან ნერვები აღარ შერჩათ მსგავს სიტუაციაში ცხოვრებით, სიღარიბის, სანქციების, მთავრობის გამო. მირჩევნია საქართველოში ვიყო, ძალიან მომწონს აქ.

ირანში მხოლოდ მოსანახულებლად წავიდოდი. მამაჩემის სანახავად მინდა წასვლა, რადგან მარტოა ახლა იქ და მენატრება. შეიძლება კარგი ურთიერთობა არ გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ ის მამაჩემია.

ირანში დასაბრუნებლად ბევრი მიზეზი არ მაქვს. საქართველოში მინდა ცხოვრების უფლება მქონდეს და მინდა აქ შემეძლოს მუშაობა და თუნდაც ქართველებისთვის შემეძლოს სამუშაო ადგილების შექმნა, რატომაც არა? ქართველს ხალხს ეკონომიკურად ძალიან უჭირს, არ აქვთ კარგი სამსახურები, არ აქვთ კარგი ხელფასები. მინდა რომ დახმარება შემეძლოს. თუ ამის გაკეთების შესაძლებლობა ირანში მექნებოდა, გავაკეთებდი, მაგრამ იქ ეს არ შემიძლია.

საქართველოში ზოომაღაზიას დიდი სიამოვნებით გავხსნიდი, თუ აქ დარჩენის ნებას დამრთავენ. ახლა არაფერს ვაკეთებთ, მხოლოდ გაქირავებული ბინის ქირის თანხას ვითვლით".

სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე" და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge