Loading

“მაინინგი” სვანეთის მთებში ავტორები: თამუნა ქიმაძე, თამთა ჯიჯავაძე, მარიამ ავალიშვილი

“ცეცხლი ეკიდა ტექნიკას და კვამლი ასდიოდა. ჩემს ავადმყოფ, მწოლიარე მეუღლეს უცდია ჩამოსვლა, მაგრამ ლოგინიდან ვერ გადმოდიოდა. ფაქტობრივად, გადაყვა იმ ნერვიულობას. გადამეწვა ერთბაშად მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ორი თვით ადრე განვადებით მქონდა გამოტანილი. ტელევიზორს ცეცხლი წაეკიდა საერთოდ,“ - გვიყვება ჭუბერის მკვიდრი ლალი ჩხეტიანი.
ბოლო წლებში მსგავსი პრობლემა ხშირია. მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება: ხან დაბალი ძაბვაა, ხან მაღალი, ხან კი შუქი საერთოდ არ აქვთ. ვინც სვანეთში ამ ბოლო წლებში ყოფილხართ, შეამჩნევდით, რომ მობილურის ელემენტის დამუხტვასაც კი დიდი დრო სჭირდება და გენერატორის ხმაც ხშირად ისმის ბიზნესობიექტებით დატვირთულ მესტიაში.სვანეთში მოსახლეობისთვის ელ. ენერგია უფასოა. სწორედ ამან უბიძგა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, რომ ახალი ბიზნესი სწორედ ამ კუთხეში წამოეწყოთ.
ისტორიულ-ტრადიციულ გარემოში, იქ სადაც უძველესი კულტურა ინახება, ელექტრონულ ფულს გამოიმუშავებენ. ე.წ. მაინერების ზუზუნს ხანდახან ენგურის ხმაურიც კი ვერ ფარავს ხოლმე. სწორედ ენგურის პირას, პატარა ქოხში ვიპოვეთ ათამდე მაინერი სვანეთში ყოფნისას. არადა, ამ დროს პოლიციას უკვე ათასობით მაინერი ჰქონდა ამოღებული სვანების სახლებიდან. თუმცა, გავლენიანთა ბიზნესს ვერ ეხებიან. მესტიის საკრებულოს დეპუტატმა გვითხრა, კი იციან აქ რომ მაინერები დგას, პოლიციაც იყო, მაგრამ ვერაფერი გააკეთესო.
ერთი შეხედვით, “მაინერების” ქონა კანონით ქვეყანაში არ იკრძალება. თუმცა, იმის გამო რომ სვანებს დენი უფასოდ აქვთ, მაინერებისთვის ენერგიის გამოყენება და ამით ფულის “კეთება”, სახელმწიფო რესურსის დატაცებას ნიშნავს. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
მაინერი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერული გამოთვლების მეშვეობით გამოიმუშავებს ელექტრონულ ფულს. მაინერებს მუშაობისთვის სჭირდება დიდი ოდენობით ელექტრო ენერგია და გრილი გარემო, რომ არ გადახურდეს, ან სპეციალური გაგრილების სისტემა. გამომუშავებული ელექტრონული ფულით ვაჭრობაც შესაძლებელია და სხვადასხვა ვალუტაზე გადაცვლაც. სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში რამდენჯერმე უწყდება. ამის გამო წლის დასაწყისში საპროტესტო აქციებიც გამართულა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველამ იცის ვის აქვს “მაინერი.” თუმცა, ზუსტი სახელებისა და გვარების თქმა უჭირდათ. აქტივისტი ანა ჩართოლანი ამას ნათესავური კავშირებით ხსნის: “აქაც ნათესაური კლანებია. ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ და მაინც ერიდებიან, რომ დაძაბულობა არ მოხდეს ოჯახებს შორის.”
ჩართოლანი იხსენებს, რომ წლის დასაწყისში ერთ-ერთ აქციაზე მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანიც იმყოფებოდა. “სვანურად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. მე სვანი ვარ და ვიცი სვანური. თანამდებობის პირები ერთმანეთში საუბრობდნენ – ქართულად არ თქვათ, ამათ არ გააგონოთ სად დგას. ჩვენ მივიდეთ და აღმოვფხვრათ ეს პრობლემა, რომ რაღაცა არ დაიწყოსო,” - იხსენებს ჩართოლანი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამ ფაქტს უარყოფს. ამბობს, რომ ეს სისულელეა და არ იცის, სად არის მაინერები.
მოსახლეობის თქმით, “მაინერების” შესყიდვა რიგით მოქალაქეებს არ შეუძლიათ. მათ “შეძლებულები” ყიდულობენ და ადგილობრივების სახლებსა და სამეურნეო დანიშნულების შენობებში ათავსებენ. “ეს ყველაფერი არის დაქირავებული ობიექტები… ერთ მაინერზე, როგორც ვიცი, დღეში იხდიან 5 ლარს,” - გვისხნის მესტიის მკვიდრი, თეა ხაფთანი.
ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ კრიპტოვალუტის მაინერები სოფელ ხაიშში, პოლიციელის ოჯახშიც არის. მურთაზ ჭკადუასთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა, აღმოჩნდა რომ ის ბოლო ორი წელია, ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. მისმა მეუღლემ ინფორმაცია დაგვიდასტურა. ოჯახი მაინერებს 2-3 წლის წინ ამუშავებდა. ჭკადუას მეუღლე ამბობს, რომ მაინერები გაუფუჭდა და ის ახლაც მის გარაჟში ინახება, რომლის გასაღებიც არ აქვს. როგორც პოლიციელის მეუღლემ გვითხრა, ათი მაინერი თვითონ 3,000 დოლარად შეიძინა. როგორც გვიყვება, მაინერებმა სულ თვენახევარი იმუშავა და 500 ლარი გამოიმუშავა.
5 აგვისტოს ლახამულაში მაინერები ჩვენც ვიპოვეთ. სალოცავისკენ მიმავალ გზაზე ჩანს ბოსელი, საიდანაც მაინერების ზუზუნი ისმოდა.
ტერიტორია, სადაც ბოსელი დგას, ნანა ქობალიას ეკუთვნის. ჩვენ მის ძმას, მამუკა ქობალიას დავუკავშირდით, რომელიც ამ ქოხს პატრონობს.
7 აგვისტოს, ამ ზარის შემდეგ ჩვენ მესტიიდან ლახამულაში წავედით. გზაში შადურ ჭკადუამ დაგვირეკა. გვითხრა, რომ მამუკას ნათესავია და რადგან მამუკა ვერ გაერკვა ვინ ვიყავით, ამიტომ გადაწყვიტა თავად დაგვკავშირებოდა. გამოგვკითხა ვინ ვიყავით და რატომ გვაინტერესებდა მაინერების საკითხი. გვითხრა, თბილისიდან მოვდივარ და საღამოს სოფელში შევხვდეთო. ზარიდან 30 წუთში ლახამულაში ვიყავით. ქოხიდან მაინერების ზუზუნი აღარ ისმოდა.
მამუკა ქობალიამ და შადურ ჭკადუამ დღის ბოლოს ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ დილით თანახმა იყვნენ.ლახამულაში ის ბოსელი, რომელშიც მაინერები იყო დამონტაჟებული, ადგილობრივი დეპუტატის, ვალოდია ჭკადუას სახლის გვერდით დგას. ჩვენთან საუბრის დროს დეპუტატი არ მალავს, რომ მაინერების ხმა ესმის.
“ისმის ხოლმე მაინერების ხმა. სხვებსაც აქვთ, მაგრამ ყველა უძლური გახდა, მთავრობაც იყო და პოლიციაც მაგრამ ვერაფერი ქნეს. ზუსტად მამუკასთან მივიდნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ლახამულაში იყვნენ. რომ არის და აქვთ სოფელში მაინერები ვიცი, მაგრამ კიდევ ვის აქვს ეს არ ვიცი. მაგის დადგენა ადვილია,” - გვეუბნება ვალოდია ჭკადუა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილზე მხოლოდ მერის მეორე მოადგილე, ირაკლი ქურდიანი დაგვხვდა. ის ამბობს, რომ არ იცის და არც არასდროს სმენია სვანეთში “მაინერების” არსებობისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის პრობლემის შესახებ.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის წარმომადგენელი, ეკა ურიდია ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს იმ ზარალს, რომელიც კომპანიამ განიცადა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სვანეთში მაინერების გამო. მათი განცხადებით, ზარალი, უხეში გათვლებით, 10 მლნ ლარს სცდება. როცა ვკითხეთ, რაში ხედავს კომპანია გამოსავალს, გვიპასუხეს, ჯერ ამაზე ვერაფერს გეტყვითო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) გვეუბნება, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხს. როდის ამოქმედდება გეგმა არ უთქვამთ.
ზაურ ჩართოლანი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ფიქრობს, რომ დაბეგვრა აუცილებელია, მაგრამ აქაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:
მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში პოლიციამ ათასობით მაინერი ამოიღო, ელექტრო ენერგიის მოხმარების სტატისტიკა მაინც მზარდია. სვანეთში ელიან, რომ ზამთარი კვლავ პრობლემებითა და უშუქოდ ჩაივლის.