Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ მივცემ უფლებას, უცხოეთის აგენტად ჩამწერონ" - აფხაზეთში რუსულ კანონს იღებენ


მიტინგი აფხაზეთში - რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების მითვისების წინააღმდეგ. 23 დეკემბერი, 2023 წელი.
მიტინგი აფხაზეთში - რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების მითვისების წინააღმდეგ. 23 დეკემბერი, 2023 წელი.

სოხუმი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მისაღებად ემზადება. ისევე, როგორც 2023 წელს თბილისში, კანონის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპონენტების დადუმების სურვილია. ექსპერტები მიუთითებენ იმასაც, რომ „აგენტების“ კანონი ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიღების გზებს გადაუკეტავს.

„აგენტების შესახებ“ კანონპროექტი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა. პროექტი რუსული კანონის მსგავსია - ორგანიზაციებთან ერთად, ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება და სასჯელის ზომად პატიმრობასაც ითვალისწინებს.

ოკუპირებული რეგიონის ლიდერები კანონის მიზნად დასავლეთის მხრიდან ძირგამომთხრელი საქმიანობის პრევენციის სურვილს ასახელებენ.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი შიშობენ, რომ ადგილობრივმა „ხელისუფლებამ“ ოპონენტების დასადუმებლად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ღია ბრძოლა დაიწყო.

სამოქალაქო საზოგადოების გარდა, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ აფხაზურ კანონს მოწინააღმდეგეები დე ფაქტო პარლამენტშიც ჰყავს. ვარაუდობენ, რომ პროცესები საპროტესტო აქციების გარეშე არ ჩაივლის.

რას გულისხმობს "აგენტების კანონის" აფხაზური ვერსია?

კანონპროექტი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 7 თებერვალს შევიდა.

პროექტის სრული დასახელებაა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოეთის აგენტის ფუნქციებს ასრულებენ“. შინაარსი შესაბამისობაშია რუსეთში მოქმედ კანონმდებლობასთან, რომელიც წლების განმავლობაში თანდათან მძიმდებოდა.

კანონის მიღების შემთხვევაში:

  • უცხოეთის აგენტებად გამოცხადდებიან როგორც ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც იღებენ ფულს ან „სხვა ქონებას უცხოეთის წყაროებიდან“ და ჩართული არიან აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის - დაფინანსების წყაროების ინტერესების შესაბამისად;
  • უცხოეთის აგენტებად გამოცხადებული ფიზიკური პირები შესაძლოა იყვნენ როგორც „აფხაზეთის მოქალაქეები“, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები;
  • აგენტების რეესტრის შედგენას უზრუნველყოფს „იუსტიციის სამინისტრო“. ამ რეესტრიდან ორგანიზაციის ამოწერის გზა - მისი ლიკვიდაციაა;
  • აგენტებად გამოცხადებული ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების ბუღალტრული ანგარიშები და შემოსავლები მკაცრ აუდიტს ექვემდებარება;
  • ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს აგენტის სტატუსი მიენიჭება, თუკი ფულს ან ქონებას მიიღებს უცხო ქვეყნებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მათი სტრუქტურული დანაყოფებიდან; ასევე, თუ დამფინანსებლები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები ან ფიზიკური პირები მოქალაქეობის გარეშე;
  • აგენტის სტატუსი არ შეეხება, თუკი დაფინანსება მიღებულია იმ ქვეყნებიდან და ან იმ ქვეყნების მოქალაქეებისგან, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს პირები არ უნდა იყვნენ აგენტებად აღიარებული თავიანთ ქვეყნებში;
  • „აგენტმა“ ყველგან უნდა მიუთითოს თავისი სტატუსი, მათ შორის - როდესაც მიმართავს „სახელმწიფო ორგანოებს“;

ასევე, აგენტად აღიარებულ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ან ფიზიკურ პირებს ეზღუდებათ მთელი რიგი აქტივობები: პედაგოგიური საქმიანობა, მიტინგების, დემონსტრაციების ორგანიზება ან დაფინანსება, საარჩევნო პროცესებში ჩართვა, კანდიდატების წარდგენა, შემოწირულება ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ და სხვა.

იკრძალება ამა თუ იმ კანონის თუ ნორმატიული აქტის შესახებ ექსპერტიზის გავრცელება და გამოქვეყნება ინტერნეტში, თუკი ის „აგენტად“ აღრიცხულ პირს ან ორგანიზაციას ეკუთვნის.

დოკუმენტში მითითებულია, რომ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული სასჯელი, ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯა და „სხვა პასუხისმგებლობის დაკისრება“. ვადები დაკონკრეტებული არ არის.

მითითებულია, რომ რეესტრის წინაშე ვალდებულებების რამდენჯერმე დარღვევის გამო, სასამართლოს წესით მოხდება აგენტად აღიარებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია.

როგორც ტელეგრამარხი News Abkhazia იუწყებოდა, აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, კანონპროექტი ფიზიკურ პირებზეც გავრცელებულიყო და ამ მიზნით, იანვარში - დოკუმენტის პროექტის „იუსტიციის სამინისტროში“ დაბრუნებაც კი გახდა საჭირო.

„აგენტების შესახებ“ კანონპროექტის აფხაზეთის „პარლამენტში“ განხილვის დაწყებამდე გავრცელდა ხმები, რომ - მისი მიღება მოსკოვის დირექტივაა და ჩავარდნის შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც შუქი გრაფიკით არის, ელექტროენერგიას არ მიაწვდის.

აფხაზეთში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ხმები ვრცელდებოდა, როცა რუსეთი ბიჭვინთის აგარაკების მითვისებას ცდილობდა. პროტესტის მიუხედავად, რუსეთმა აგარაკები მაინც მიისაკუთრა, მაგრამ ელექტროენერგიის გრაფიკს მაინც არაფერი ეშველა.

„აგენტების შესახებ კანონს“ ოკუპირებულ აფხაზეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს - სამოქალაქო სექტორსა თუ ოპოზიციაში, მათ შორის - ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციაშიც.

ოკუპირებულ აფხაზეთში "აგენტების კანონზე" მუშაობენ [ვიდეო]
please wait

No media source currently available

0:00 0:04:52 0:00

აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატი კან კვარჩია „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ „ხელისუფლება“ აგენტის იარლიყის მიწებებას უპირებს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ხმას იღებს.

„იმ ხალხს შორის, ვისთვისაც უცხოელი აგენტის დარქმევას აპირებენ, ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანია - აფხაზეთის გმირები, დამსახურებული ადამიანები, რომლებიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ. არ მესმის, ისინი ყველანი ჩვენი მტრები აღმოჩნდნენ?!“, - ამბობს კვანჩია და ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ეს კანონი სასწორზე აყენებს მრავალი მძიმე პაციენტის ბედსაც:

„ვიცით, რომ ეს უცხოური ორგანიზაციები 4 მიმართულებას კურირებენ, უფასოდ არიგებენ წამლებს, მკურნალობენ შიდსს, ტუბერკულოზს, ჰეპატიტს და, სხვათა შორის, ძალიან კარგი წამლებია, რომლებიც თავად რუსეთშიც არ არის დღეს... ეს არის ძვირფასი პრეპარატები. ერთი პაციენტის მკურნალობა თვეში თითქმის 900 დოლარი ჯდება და უამრავი ასეთი პაციენტია აფხაზეთში... ვინ ჩაანაცვლებს ამას და რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს ჩვენს მთავრობას ამისთვის? ამაზე ღიად თქვა [ფინანსთა მინისტრმა], რომ არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები... ვიღაცის სურვილის და ფობიის გამო რატომ უნდა დავტოვოთ ჩვენი მოსახლეობა სამედიცინო პრეპარატების გარეშე?!“.

„არ მივცემ უფლებას, რომ უცხოეთის აგენტთა შორის ჩამწერონ“, - მომავალს შავ ფერებში ხედავს ბავშვთა ფონდის თავმჯდომარე ასიდა ლომიაც, რომლის ორგანიზაციაც, დასავლელი დონორების დახმარებით - მრავალ პროექტს ახორციელებს და საჭიროებების მქონე პირებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებასაც სთავაზობს.

„ღმერთმა არ ქნას და თუკი დეპუტატები მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ ამას [უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს], მთელ ჩემს პროექტებს მთავრობას დავუდებ წინ და კი ბატონო, მაშინ მაგათმა [დააფინანსონ]... ჩვენ ხალხისთვის ვმუშაობთ“, - ლომიამ იცის, რომ ალტერნატიული დაფინანსების მოპოვება შეუძლებელი იქნება.

აგენტების შესახებ კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ პალატაში, დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ ინიციატივას უცხოეთის აგენტების შესახებ და კანონპროექტი მუხლობრივად არც განვიხილეთ. ითქვა, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის ძირითად პოსტულატებს. ის ადამიანებს ართმევს სამოქალაქო უფლებებს, ეს ჩვენი მოქალაქეების დისკრიმინაციაა. ეს კანონი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარემ, ლევან მიქაიამ.

ინიციატივას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად თვლის თენგიზ ჯოპუაც - აფხაზი აქტივისტი, პოლიტიკოსი და ბლოგერი.

„დიდწილად ეს საწინააღმდეგო აზრთან, თავისუფალ აზრთან ბრძოლის ინსტრუმენტია. ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არაფერ კარგს არ მოგვიტანს... შევეჩვიეთ აზრის თავისუფლად გამოხატვას და თავისუფლად ლაპარაკს. აფხაზი ხალხისთვის მიუღებელია სტალინისტურ ეპოქაში დაბრუნება“, - ამბობს ჯოპუა და აღნიშნავს ასევე, რომ გაჩუმების მცდელობას აფხაზეთში არავინ შეეგუება.

„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის ინიციირებას წინ უსწრებდა ღია ბრძოლა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აფხაზეთის არაკეთილმოსურნეთა ნუსხაში ევროკავშირს, USAID-სა და UNDP-საც მოიხსენიებდა. განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა დაპირისპირება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის წინააღმდეგ.

„აგენტების შესახებ კანონს“ მხარდაჭერა წინმსწრებად გამოუცხადა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ, რომელიც რუსეთის კაცად მიიჩნევა.

სამოქალაქო საზოგადოებაზე განსაკუთრებული შეტევა ბოლო პერიოდში გამწვავდა, როცა დე ფაქტო ხელისუფლებას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ფონზე და გაიმართა საპროტესტო აქციები. გარე ჩარევაზე ლაპარაკობდა რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში, მიხაილ შურგალინი.

„საზოგადოებას უნდა ერთიანი აზრი იმის შესახებ, რომ თუკი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯერია, ხვალ თქვენც მოგაკითხავენ... შესანიშნავად გვესმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიჰყვება ყველა, ვინც ამ ხელისუფლებას გააკრიტიკებს“, - ოპოზიციური პარტია „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარეს, ასლან ბარციცს „აგენტების შესახებ კანონი“ 1937 წლის რეპრესიებს ახსენებს.

„ეხო კავკაზასთან“ ბარციცი ამბობს, რომ „ხელისუფლება“ „უცხოეთის აგენტებისა“ და „ანტირუსული განწყობების გამომწვევთა“ იარლიყების მიწებებას ჩქარობს და არად დაგიდევს ხალხის პროტესტს. ის იხსენებს, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე აფხაზეთის „პარლამენტში“ სხდომა ღამით ჩატარდა.

ახლახან „სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სუფთა წარსულის ადამიანებს „ხელისუფლების განუკითხაობის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ავანსცენაზე აქტიურად უნდა გამოვიდეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ვეტერანები, ადამიანები აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით, რომლებიც არ არიან გასვრილი კორუფციულ სქემებში“, - ამბობს ბარციცი და ამატებს, რომ თუკი ეს არ მოხდება, აფხაზეთი ნანგრევებში აღმოჩნდება.

„აგენტების შესახებ კანონის“ მიღების მცდელობა, საქართველოში, თბილისის მიერ კონტროლირებად ნაწილში, 2023 წლის მარტში ჩავარდა, როცა ქუჩაში გამოსული ხალხი ხელისუფლების ინიციატივას მასშტაბური მიტინგებით დაუპირისპირდა.

შედეგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტი მეორე მოსმენის დროს ჩაეგდო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდება, თუმცა ის კვლავ და კვლავ უბრუნდება მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საუბარს და კვლავ ეჭვის თვალით უყურებს საერთაშორისო ორგანიზაციების და უპირატესად - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის საქმიანობას საქართველოში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების „ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება“. ამ ინიციატივამ ბევრს კვლავ „აგენტების შესახებ კანონი“ გაახსენა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG